ანზორ ერქომაიშვილმა პრემიერმინისტრს მიმართა და ქართული გალობის ანთოლოგიის ავტორებისთვის რუსთაველის პრემიის გადაცემა სთხოვა
ანზორ ერქომაიშვილი გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის გამოცემას ისტორიულ მოვლენას უწოდებს და გამოცემის ავტორების რუსთაველის პრემიაზე წარდგენის შესახებ პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავს.
„თქვენო უწმინდესობავ და ბატონო პრემიერო, მე ასეთ წინადადებას ვაყენებ, ვინაიდან გამოიცა უნიკალური კრებული, ჯერაც არნახული საქართველოსთვის, კრებულის გამომცემლებს და შემდგენლებს, ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს და ბატონ ლევან ვეშაპიძეს მიენიჭოთ ყველაზე დიდი პრემია. მე ვარ ამისი მოთავე, მე თვითონ წარვადგენ. რუსთაველის პრემიით უნდა აღინიშნოს ეს საქმე, ყველაზე დიდი პრემიაა. ამ ბოლო დროს ამის ფასი არაფერი გაკეთებულა. გთხოვთ ყველას მხარდაჭერას. ეს იქნება დამსახურებული დაფასება ამ ორი თავდადებული მოღვაწის მიმართ.
მახსოვს, გერმანიაში კონცერტის წინ გამოვიდა გერმანელი მუსიკისმცოდნე და ხალხს წარუდგინა საქართველო. მან თქვა, ქართველები ის ხალხია, რომლებიც ღმერთს გალობით ესაუბრებიანო – მე მგონი, ყველაფერი ნათელია. მე მოწმე ვარ იმ შრომისა და თავდადებისა, რომელიც ამ ჯგუფმა გასწია, ვინც ეს საგალობლების კრებული გამოსცა. აკადემიური გამოცემა ჯერჯერობით რვა ტომისაგან შედგება. როგორც ვარაუდობენ, კიდევ 25 ტომი უნდა გამოვიდეს.
მე მაჩუქეს საგალობლების ეს კრებულები და ეს დღეები, გულწრფელად გითხრათ, არ მძინავს ღამე, ვათვალიერებ და ვკითხულობ. ვიღებ არა მხოლოდ უდიდეს სიამოვნებას, არამედ საოცრად ამაღლებული გახლავართ, როცა ამას ვკითხულობ და წარმოიდგინეთ, რომ მთელ მსოფლიოს ცოტა ხანში საშუალება ექნება, რომ ქართული საგალობელი ისწავლოს, ქართული საგალობელი შეასრულოს. მაშინ მთელი მსოფლიო ერთხელ კიდევ დარწმუნდება, თუ რაოდენ დიდი განძის, დიდი კულტურის მფლობელია საქართველო.
მინდა ქედი მოვიხარო სვიმონ ჯანგულაშვილის და ლევან ვეშაპიძის წინაშე. თავდაუზოგავი შრომით, ბრძოლით, – ისე როგორც ჩვენი უწმინდესი ხალხი, რომლებიც თავის დროზე წმინდანებად შეირაცხნენ: ფილიმონ ქორიძე, ძმები კარბელაშვილები, სხვები და სხვები, – აი ესენიც ასეთი თავდადებით იბრძვიან.
მათთვის არავის არ დაუვალებია ეს, არც მატერიალური ინტერესი აქვთ. მთელი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი დაუთმეს ამის გამოცემას. მე ვიცი, რა სისხლის ფასად ხდება ეს ყველაფერი.
თქვენ, ლევან და სვიმონ, ისეთი საქმე გააკეთეთ, საუკუნეებს რომ გაჰყვება და ისევე მოიხსენიებით ისტორიაში, როგორც წეღან ჩამოვთვალე ცნობილი ჰიმნოგრაფები და მუსიკოსები, რომლებმაც ჩაწერეს საგალობლები“, – განაცხადა ანზორ ეროქმაიშვილმა ანთოლოგიის პრეზენტაციაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა. გალობის ანთოლოგიის მრავალტომეული ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით, განთლების სამინისტროს, თბილისის მერიის და ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გამოიცა.