„მოსამართლე, რომელმაც კეზერაშვილი გაამართლა, სისტემაში მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მიყვანილია“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეში სრულიად გამართლდა. განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა. გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, რომ დავით მგელიაშვილი სასამართლო სისტემაში ამირან მესხელმა – ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელმა და ნათესავმა მიიყვანა.
ადვოკატის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის პირობებში დავით მგელიაშვილი ზურაბ ადეიშვილისა და კუბლაშვილის გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი იყო. მისივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსამართლეებს დღემდე აშანტაჟებენ და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები სწორედ ამ შანტაჟის შედეგია.
„დავით კეზერაშვილის საქმის მოსამართლე, ბატონი მგელიაშვილი თავის დროზე სასამართლო სისტემაში ამირან მესხელმა მიიყვანა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და ნათესავი იყო. ასევე იყო ვანო მერაბიშვილის მეორე ნათესავი სტეფანე თუმანიშვილი. ამ ხალხის მეგობარი იყო მოსამართლე მგელიაშვილი და ამ ხალხის შუამდგომლობით დანიშნეს მოსამართლედ. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ დავით კეზერაშვილი გამართლდა.
– გასაკვირი ის არის, რომ ახალი ხელისუფლება თავს იწონებს სამართლიანი სასამართლოთი და რა გამოდის?
– სასამართლო სისტემა ძველად იყო ასე: 2-3 კაცი წყვეტდა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებს, მოსამართლე მხოლოდ ახმოვანებდა ამ ადამიანების მიერ გამოტანილ განაჩენს. გადაწყვეტილებების მიმღები კი იყო ადეიშვილი და სასამართლოში კუბლაშვილი. მათ რიგებში იყო, სამწუხაროდ, ჩემი ძმა ომარ ჯორბენაძე, რომელიც 15 წელია მოსამართლეა და იუსტიციის საბჭოს წევრი იყო 10 წელი. ეს მოსამართლეებიც ჩემი ძმის დანიშნულები არიან.
– თქვენი ძმისგან თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ ემორჩილებიან მოსამართლეები ისევ „ძველი უფროსების“ გადაწყვეტილებებს?
– მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსამართლეებს ისევ აშანტაჟებენ „ნაციონალები“…
– რა თქმა უნდა, მაგაში ეჭვი გეპარებათ?
– ამაზე კარგი მტკიცებულება რა გინდათ, დავით კეზერაშვილი გამართლდა, მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს? თქვენ ახლა გგონიათ, იმდენად შტერია ზურაბ ადეიშვილი ან კოტე კუბლაშვილი, რომ დაშანტაჟების მტკიცებულებას მოგცემდნენ? სასამართლო სისტემაში ვინც მოსამართლედ არის დანიშნული, ყველა ერთი კაცის ხელის მოსამსახურეა, მათ შესახებ პროკურატურას იმდენი სიბინძურე აქვს შემონახული, რომ ესენი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენებენ.
დაგვისახელეთ მოსამართლეები, რომელთაც დღესაც აშანტაჟებენ წარსული საქმეებით?
– ბატონი ჩემია, არ გიკვირთ, დღესაც მოსამართლე რომ არის ბატონი ჩემია? მაგალითად, ბატონი ვაჟა ფუხაშვილი. არის კიდევ გიორგი არევაძე, რომელიც ჩემიას მოადგილე იყო და შემდგომ დააწინაურეს. რა საქმეებსაც ჩემია იხილავდა, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის საქმე, ძირითადად, „გააპრავა“ არევაძემ, რადგან განაჩენებს და ყველა სიბინძურეს ეს ბატონი წერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები