ვაშინგტონსა და ნიუ იორკში გიორგი მიქაძისა და ლეგენდარული ლი რიტენურის კონცერტების სერია გაიმართება

გიორგი მიქაძე – ჯაზისა და პოპმუსიკის ამომავალი ვარსკვლავი საქართველოდან, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებული, ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის მიწვეული პროფესორი, მანჰეტენ სქულის ჯაზის მაგისტრი და „იამაჰას“ ოფიციალური არტისტი უკვე საკმაო ხანია, აქტიურად თანამშრომლობს ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის ცოცხალ ლეგენდებთან.
28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, მას კონცერტების სერია აქვს გრემის მფლობელ და 19-ჯერ ნომინირებულ გიტარისტთან – ლი რიტენურთან ერთად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტები შტატების ვაშინგტონსა და ნიუ-იორკის სახელგანთქმულ, პრესტიჟულ და ისტორიულ ჯაზკლუბშია ჩანიშნული „Blues Alley“ (Washington DC) და „The Iridium“ (NYC).
ლი რიტენური ჯაზური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გიტარისტის, ლი რიტენურის უშუალო მონაწილეობით წლების მანძილზე იქმნებოდა თანამედროვე, ავანგარდული თუ პოპმუსიკის მიმდინარეობები. ლი რიტენური ერთ-ერთი მუსიკოსთაგანია, რომლის ჩანაწერებსაც გიორგი ბავშობიდან უსმენდა და მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა იქონია. დღეს კი გიორგი ვაშინგტონის და ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად წოდებულ ჯაზ-კლუბში უდიდესი რანგის პროფესიონალი, ლეგენდარული მუსიკოსების გვერდით ერთ სცენაზეა. ყოველივე ეს მისი თქმით არის განსაკუთრებული ბედნიერება, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.
გიორგის და ლი რიტენურის ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა 2014 წელს გაიმარჯვა ლი რიტენურის მიერ დაარსებულ კონკურსში – „Six String Theory Music Competition“. სწორედ მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა პიანისტს შორის დიდმა მაესტრომ არჩევანი გიორგიზე გააკეთა.
ფენომენალური გიტარისტის თქმით, პირველი ფრაზების მოსმენისთანავე საოცრად მოიხიბლა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის ტალანტით, ქარიზმატული არტისტიზმით, საინტერესო მუზიცირების უნარითა და პროფესიონალიზმით; შესრულება გამორჩეულია და ხასიათდება მრავალმხრივი ნიჭიერებით, ტემპერამენტით, ინდივიდუალური მხატვრული ხელწერით, უჩვეულო, ახალი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობით.
„ასე, რომ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მცხოვრებო ქართველო მელომანებო, გირჩევთ არ გამოტოვოთ შანსი ეზიაროთ მუსიკის დაუვიწყარ დღესასწაულს, სადაც თამამად შეგიძლიათ იამაყოთ ქართული კულტურის ელჩით, ბრწყინვალე ხელოვანით გიორგი მიქაძით“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები