ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განახლება ზაფხულში დასრულდება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განახლება 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. მიმდინარე სამუშაო ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.
„სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხულში დავასრულებთ ამ პროექტს და ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი სივრცე დახვდებათ დასვენებისთვის. ეს არის დადიანების სასახლის ტერიტორიის ნაწილი, სადაც დიდი სამუშაო გახორციელდა, მათ შორისაა – ბოლო დროს, „ქართუს“ დახმარებით, ნიკოსეული სასახლის აღდგენა. მთლიანობაში, ეს კომპლექსი, დარწმუნებული ვარ, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილმდებარეობა გახდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და სასეირნო ბილიკების მოწყობას.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.