„ტბეთის საკათედრო ტაძრის მოხატულობა“ – ირაკლი თეზელაშვილი მოხსენებას წაიკითხავს

28 მარტს, 17 საათზე, თსუ-ის  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის „ძველი და თანამედროვე ხელოვნების საკითხები“ ფარგლებში, თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მაგისტრანტი, ირაკლი თეზელაშვილი წაიკითხავს მოხსენებას – „ტბეთის საკათედრო ტაძრის მოხატულობა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შავშეთის უმთავრესი სასულიერო კერა – ტბეთის წმიდა მოციქულთა სახელობის საყდარი  – მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია. ბოლო ათწლეულებში, მრავალგზის დაიწერა ტაძრის რთულ არქიტექტურულ ფენებზე და, რამდენჯერმე, მოკლე შენიშვნები მოხატულობის იმ ფრაგმენტების შესახებ, რომლებიც, 1961 წლამდე, ტაძრის საკურთხევლის აფსიდაში იყო დაცული.
მოხსენებაში ტბეთის ტაძრის შესახებ არსებული მრავალრიცხოვანი პუბლიკაციისა და გამოუქვეყნებელი საარქივო ვიზუალური მასალის შეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილი იქნება პირველადი დაკვირვებები მოხატულობის შესრულების პერიოდის, სქემის, იკონოგრაფიული მონაცემებისა და ნაწილობრივ სტილური რიგის საკითხების შესახებ, აგრეთვე ცდა ტბეთის ტაძრის მოხატულობის ადგილის განსასაზღვრად ტაო-კლარჯეთის საფერწერო სკოლის ისტორიაში.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის 13, თსუ, VIII კორპუსი, აუდიტორია 210.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები