„ფიროსმანის“ დაფუძნებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავ გამოფენას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ორდღიან გამოფენას უმასპინძლა, რომელიც ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ასოციაცია „ფიროსმანის“ დაფუძნებიდან 30 წლისთავს ასოციაციის ვეტერანი მხატვრები ესწრებოდნენ.
გამოიფინა გიორგი მელიქიშვილის, თამაზ გოზალიშვილის, თემურ პაპიაშვილის, ზეზვა საღლიანის, გოჩა ნარიმანიძის, ლერი ელიაშვილის, მარლენ შეროზიას ნამუშევრები.
გამოფენაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ჯემალ გოგიშვილის  გამოყენებითი ხელოვნების, ფილიგრანული, მინანქარში შესრულებული და ჭედური ხელოვნების ნამუშევრები, თამაზ გოზალიშვილის და  ბიძინა  ბიძინაშვილის ჭედური ხელოვნების ნიმუშები.
როგორც ასოციაცია „ფიროსმანის“ პრეზიდენტმა, ჯემალ გოგიშვილმა „კვირას“ განუცხადა, ასოციაციის მიზანია ქართული ხელოვნების უფრო ფართოდ გატანა საზღვარგარეთ.

ჯემალ გოგიშვილი ასოციაცია „ფიროსმანის“  პრეზიდენტი:
„საიუბილეო გამოფენას ესწრებოდნენ ამ ასოციაციის ვეტერანი მხატვრები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საზღვარგარეთის მრავალ გამოფენაში, მაგალითად – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოსა და  ატლანტაში… ეს მხატვრები მონაწილეობდნენ იმ ერთადერთ გამოფენაში, რომელიც მოეწყო საქართველოდან ბრაზილიაში. გამოფენა, მაშინ, დააფინანსა რუსეთში მოღვაწე მეცენატმა, კონსტანტინე ფიფიამ.
ეს მხატვრები კრაკოვის, ვენეციის, მოსკოვის, კიევის ქართული კულტურის დღეების მონაწილეები არიან.
ამ გამოფენაზე არსებითი იყო ის, რომ ღვინო შევუერთეთ ნამუშევრებს, პირველად მსოფლიოში საიუვილერო ნაკეთობებში  ღვინის ბოთლები ჩაიდგა. გვინდა, ჩვენი ხელოვნებით უფრო მეტი სახელი შევძინოთ ჩვენს ქართულ ღვინოებს,  უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ, ჩვენს ნაკეთობებთან ერთად, ქართული ღვინო.
გვყავდა სტუმარი სტუმარი  აშშ-დან –  ანტიკვარული სარესტავრაციო კომპანია „ესპეს სიმონსის“ პრეზიდენტი გია გოგიშვილი. ის ჩვენი ასოციაციის წევრია, 1990 წლიდან აშშ-შია და მასთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს“.

 

                                                                                                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

                                                                                                                                                                                           ნინო ჯაჯანიძის ფოტორეპორტაჟი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები