კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს გურამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და მეგობრებს.
„საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, თანამედროვე არქეოლოგიის სკოლას, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გამოაკლდა. გარდაიცვალა ბატონი გურამ ლორთქიფანიძე.
განუზომლად დიდია მისი დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიისა და არქეოლოგიური მიმართულების განვითარების მრავალწლოვან პროცესში. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის განყოფილებაზე მიღებული საფუძვლიანი განათლების შემდეგ, მან მთელი შეგნებული ცხოვრება სამეცნიერო კვლევა-ძიებასა და პროფესიული ბიბლიოგრაფიის შექმნას მიუძღვნა.
წარმატებებით აღსავსე იყო მისი ცხოვრების განმავლობაში წარმოებული მრავალი ექსპედიცია. საეტაპო მნიშვნელობის დატვირთვის მატარებელი კი ბატონი გურამის მოღვაწეობაში ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიცია აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელობაც მან ბატონი ანდრია აფაქიძისაგან გადაიბარა. სწორედ წლების განმავლობაში მიმდინარე ბიჭვინთის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად, მიიღო ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ბატონი გურამის ბრწყინვალე მონოგრაფია „ბიჭვინთის ნაქალაქარი“, რომლის რედაქტორი აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი გახლდათ.
გურამ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს აკადემიის მ. ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი – მათ შორის წიგნების: “ბიბლიური არქეოლოგია”; “ნარკვევები ქართული ნუმიზმატიკის ისტორიიდან”; “კოლხური თეთრი-კულტუროლოგიური ასპექტები”; “ქართული კულტურის ისტორია; “ბიჭვინთის ნაქალაქარი; რომაული ცივილიზაცია“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.