“მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის იმის ცოდნა, თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებულნი”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის იმის ცოდნა, თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებულნი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტის გადმოცემაზე საუბრისას განუცხადა.
„ამჯერად, სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომელიც, ასევე, “წითელი ჯვრის” ეგიდით ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობენ ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, მოძიებულ იქნა სამარხი, რომელიც მდებარეობს სოფელ თამარაშენის მიმდებარედ. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია 7 ნეშტი და დღეს მათი ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ.
რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ტრაგედიაზე, ტკივილზე, რომელიც არ ნელდება, მაგრამ ოჯახებისთვის იმის ცოდნა, თუ სად არიან მათი ახლობლები დასაფლავებული, ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც პროცესშია ჩართული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს მუშაობა და, ცხადია, ყველა იმ პირს, ვინც დღემდე ეძებს დაკარგულ ახლობელს, ექნება პასუხი, თუ სად არიან, რა ბედი ეწიათ და ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში ექნებათ თუ არა შესაძლებლობა, ჰქონდეთ ახლობლის საფლავი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობითა და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოჯახებს გადაეცა.