ნინო ხოფერიას ფილმის – „უდროობის გმირის“ ჩვენება და განხილვა გაიმართება
26 მარტს, 17:00 საათზე, „კავკასიურის სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჟურნალისტ ნინო ხოფერიას ფილმის – „უდროობის გმირის“ ჩვენება და განხილვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმი ასახავს 1919 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ არჩეული არზაყან ემუხვარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.
არზაყან ემხვარი, წლების განმავლობაში, სათავეში ედგა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სოხუმის ორგანიზაციას, გახლდათ 1905 წელს სოხუმში ჩამოყალიბებული, მეფის რუსეთისგან დამოუკიდებელი რევოლუციური თვითმმართველობის ხელმძღვანელი. სამურზაყანოში ემუხვარის მონაწილეობით დაფუძნდა არაერთი კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოება. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, აფხაზი დიდგვაროვანი ირიცხებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრების შემადგენლობაში. ცარისტულმა რეჟიმმა პოლიტიკური ლიდერი მრავალჯერ გადაასახლა საქართველოს ტერიტორიიდან.
ოკუპაციის შემდეგ, ემუხვარი ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და საქართველოს სათვისტომოს საქმეთა მმართველი იყო.
მსმენელებთან ერთად, ფილმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, ისტორიკოსები და კონფლიქტოლოგები.
მისამართი: გალაკტიონის ქ. # 20