ლევან რამიშვილს ავტობუსი დაეჯახა
„თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს ლევან რამიშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა. როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სამადაშვილმა განუცხადა, მას თავისა და მხრის არეში ტრავმა აღენიშნება.
„როგორც კი შემთხვევა მოხდა, ჩვენი ბრიგადა დროულად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მას მსუბუქი ტრავმა თავისა და მხრის არეში აღენიშნებოდა. რამიშვილი ჩვენმა ბრიგადამ დიღომში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – განაცხადა ნინო სამადაშვილმა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.