მაია ცქიტიშვილი: პროკურატურის პასუხისმგებლობის არეალია განსაზღვროს, თუ როდის დაიწყოს საქმე
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესი და მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურის მიერ დასმული კითხვები ერთმანეთს არ უკავშირდება.
„პროკურატურას აქვს თავისი საქმე და თავისი პასუხისმგებლობა და ჩემ მიმართაც რომ იყოს კითხვა დასმული და მე პროკურატურას ვთხოვო, არ გამისაჯაროვო ან დღეს არ დამიძახო პროკურატურაში და დღეს არ დაიწყო გამოძიება, ხვალ დაიწყე-მეთქი, პროკურატურასთან მორიგება პროცესის წარმართვაზე არ არის შესაძლებელი”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტში მონაწილე ბანკები ორ თემას – ანაკლიის პორტის განვითარებას და ხაზარაძის მიმართ პროკურატურის კითხვებს არ აკავშირებენ.
„სამწუხაროდ, პროკურატურას არ აქვს არავითარი უფლებაც მათ შორის და მისი პასუხისმგებლობის არეალია განსაზღვროს, თუ როდის დაიწყოს საქმე ან როდის არ დაიწყოს, შეიძლება თუ არა ამ ადამიანის მიმართ რამე კითხვა დასვას. პროკურატურა ძალიან ხშირად ასაჯაროვებს ინფორმაციას, როდესაც მედიის მხრიდან არის ინტერესი საკითხის მიმართ. მთავარია ის, რომ ეს ორი საკითხი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. დაფინანსებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიის პორტის განვითარებასა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ პროექტში 2017 წელსაც და 2018 წელსაც არის, ბანკები არანაირად არ აკავშირებენ ამ ორ თემას ერთმანეთთან, პროცესი მიმდინარეობს და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ობიექტური რეალობა არის სხვა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.