მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი – ეს არის ის პროექტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქტიტიშვილის თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო ხარჯვაზე.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, არც ერთი ინვესტორის რეპუტაციის შელახვას ადგილი არ ჰქონია.
„მე ვარ მთავრობის წარმომადგენელი, მე მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებას მოვახსენო, მათ შორის ამ საზოგადოების ბიუჯეტის შესაძლო ხარჯვაზე და აქედან გამომდინარე, კიდევ მინდა დავადასტურო ის, რომ ჩემი მხრიდან გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია ემყარებოდა, პირველ რიგში, კონსორციუმის მიერვე მოწოდებულ ინფორმაციას. არც ერთი ინვესტორის რეპუტაციის შელახვას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს სურს, პროექტის განხორციელებისას, “კონტი ჯგუფი” წარმოჩინდეს აქტიურ სტრატეგიულ ინვესტორად და პარტნიორად და არა მხოლოდ პორტის მშენებლობაში მონაწილე კომპანიად.
„ ის განცხადებაც, რომელიც გუშინ იყო გავრცელებული, სამწუხაროდ, დანარჩენი განცხადებებიც, როდესაც ვთქვი, რომ ნახევარ სიმართლეს საუბრობს, ეს არის სწორედ პრობლემა გუშინდელ განცხადებაში და დღეს ბატონი მამუკას ინტერვიუში. კონსორციუმის კონტრაქტორების წარმოჩენის მცდელობა არის მის ინვესტორებად და სამწუხაროდ, “კონტი ჯგუფის”, რომელიც ჩვენ გვინდა დავინახოთ სწორედ რომ, აქტიურ სტრატეგიულ ინვესტორად, აქტიურ პარტნიორად. ბატონი მამუკას დღევანდელი განმარტება ეხებოდა ამ კომპანიის მონაწილეობას პორტის მშენებლობის საკითხში, რომ ის გამხდარიყო თუ არ გამხდარიყო პორტის მშენებელი. ჩვენ მშენებელზე ხომ არ ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტორზე, როდესაც საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზეა ლაპარაკი“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფო დაინტერესებულია ანაკლიის პორტის მშენებლობით და ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყანას სჭირდება:
,,მთავარია, რომ განწყობა ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, არის საქმიანი და ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ პორტის მშენებლობით და ეს არის ის პროექტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მოდით, ერთად გავაკეთოთ და შეგვიწყვეთ ხელი ამაში“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.