მაია ცქიტიშვილი: ბანკებთან 8-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაიწყო

მანამდე, სანამ ხაზარაძესთან პროკურატურის კითხვა გაჟღერდებოდა, ​ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი, რომ პროცესი ისევ მხოლოდ სამუშაო ფორმატში წარიმართოს.
„მე, კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ ამ შემთხვევით. ეს მიწოდება მე გავაკეთე პარლამენტის ტრიბუნიდანაც, რომ პროცესი სასურველია დაუბრუნდეს იმ სამუშაო რეჟიმს, რა რეჟიმშიც ის უნდა წარმოებდეს. ამასთან ერთად, უნდა გითხრათ ისიც, რომ მთლიანად ამ საკითხის და პროცესის საინტერესო მხარე ის არის, რომ საჯარო სივრცეში არსებული განხილვების პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაო პროცესი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ საჯარო სივრცეში პროცესი კონსორციუმმა გადაიტანა.
ვიცე-პრემიერის თქმით, იგი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მოსასმენად, ერთი კომიტეტისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო, ხოლო ბევრი დეპუტატისა და კომიტეტის წარმომადგენლის ასეთივე სურვილი საჯაროდ გაცხადდა. როგორც ის აცხადებს, მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა პლენალურ სხდომაზე მისვლა.
მაია ცქიტიშვილის თვლის, რომ არასწორია მცდელობა, ერთმანეთს დაუკავშირონ ანაკლიის პროექტი უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს. ამ თემების გაერთიანების მცდელობა და ინტერესი თავად მამუკა ხაზარაძის მხრიდანაც არსებობს, რაც დღევანდელი ინტერვიუთი დადასტურდა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ცდილობს განაცალკეოს ანაკლიის პროექტი ამ თემისგან და სამუშაო რეჟიმში გადაიყვანოს ის.
„მცდელობა არის იმისა, რომ წარმოვაჩინოთ თითქოს მამუკა ხაზარაძე ტოლია ანაკლიის პროექტის, რაც ასევე არ არის სწორი. მთელი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა, ეს არის უამრავი საჯარო ღონისძიება, ეს არის უამრავი მედიაკამპანია, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება და რომლის ინიციატორიც, სამწუხაროდ, კონსორციუმი იყო და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე პასუხად, მთავრობის მხრიდან ობიექტური რეალობა და სიმართლე ისმის, სამწუხაროდ, შემდეგ ეს, მათ შორის, ჩემგან წარმოჩენილია პროექტის დისკრედიტირების მცდელობად.
არ დაგიმალავთ და ბევრი ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა თქვენთან ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება თქვენგან ბევრად ადრე მქონდა, ვიდრე პარლამენტში აღმოვჩნდებოდი, სწორედ იმის გათვალისწინებით,რომ არ ვარ მომხრე და პარლამენტშიც ვთქვი კიდეც, რომ ეს არ არის საუკეთესო ფორმატი, როდესაც ჩვენ საჯარო სივრცეში ველაპარაკებით ერთმანეთს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ეს ბატონმა მამუკამაც კარგად იცის და ეს პროცესი – ბანკებთან 8-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა – დაიწყო ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, როდესაც არც პროკურატურის კითხვა გაჟღერებულა, არც ბრიფინგი ყოფილა და არც პარლამენტში ყოფილა მოსმენა, არც ბატონი მამუკასი და არც ჩემი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი ის გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, მათ შორის მისი და ჩემი გუნდი, რომელიც ჩვენთან ანაკლიის განვითარების სააგენტოში არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველა დანარჩენი უწყებების ჩართულობით, ეს გუნდი ზის ერთად და ერთმანეთთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს, მეილებსაც ცვლის და სატელეფონო ზარებსაც. ამ პროცესში არც ბატონ მამუკას ჰქონია შეფერხება, არც შეხვედრის მოთხოვნა ყოფილა“, – აცხადებს მინისტრი.
როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, მამუკა ხაზარაძის წერილი შეხვედრის თხოვნით მას არ მიუღია და შესაბამისად, არც უარი უთქვამს შეხვედრაზე.
„კომუნიკაციის ნაკლებობა კონსორციუმთან სამუშაო დონეზე არ არის და თუ მამუკა ხაზარაძეს თავად აქვს კომუნიკაციის ნაკლებობა, ალბათ, მას უნდა გადაედგა ამისათვის ნაბიჯი, რაც არ ყოფილა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები