სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, სოფელ ველისციხეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. სამუშაოები სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ველისციხის თეატრის და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო პროექტები დაათვალიერეს, არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
გარდა სოფელ ველისციხისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში – ჩვიბიანსა და ჟიბიანში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.
ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების ურბანული განახლების პროგრამის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.