მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში – მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა, რომელთა შორისაც 40% ქართველი და 60%- უცხოელი იყო.
ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი ეწყობა, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს, დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონის ქვათა ცვენის ზონებში დამცავი ბადეები დამონტაჟდა, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.
2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის – 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.