დარიალის ხეობაში აღდგენითი სამუშაოები დროულად დასრულდება

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები დროულად დასრულდება – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცხეთაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, არ შემიძლია არ შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც სულ ახლახან აქ, ამ რეგიონში, დარიალის ხეობაში დატრიალდა. სტიქიურმა უბედურებამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა დაღუპულთა ოჯახებს. მე ვიყავი იქ, ადგილზე და გავეცანი ვითარებას. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სამაშველო და სხვა სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, და მინდა გითხრათ, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მუშაობენ ადგილზე. ყველა მინისტრი პრაქტიკულად პირადად იყო ჩასული ადგილზე და ჩართული იყო პრობლემების დარეგულირების საქმეში. მე სისტემატურად ვიღებ ინფორმაციას დარიალის ხეობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ ამ პრობლემას და დროულად დავამთავრებთ აღდგენით სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები