ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კრებები მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრება დღეს სოფელ ტაბახმელაში ჩატარდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ვახტანგ ბერიძემ ადგილობრივებთან წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა, ასევე, მოსახლეობას გააცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ტაბახმელაში შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაიგეგმა.
კრებები ჩატარდა ბეღლეთსა და ჯვარიქეთშიც. აღნიშნული სოფლების მოსახლეობამაც არჩევანი შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე შეაჩერა.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩევა. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა: სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.