ფაროსანასთან ბრძოლისას ფუტკრის დაცვის ღონისძიებები მეფუტკრეების ჩართულობით განხორციელდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, რათა კოორდინირებულად დაიგეგმოს შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მეფუტკრე ფერემერებთან თანამშრომლობით დაიხვეწება შეტყობინებების სისტემა.
მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს.
წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება;
შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან.
მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი და ზურაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.