ექსპერტი: ასე იქმნება “ფეიკნიუსები”, მყარდება პოლიტიკურ და პარტიულ მესიჯებზე აგებული სტერეოტიპები

0

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიკნიუსების თემას ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, გახშირდა ადამიანთა მორგება წინასწარ შექმნილ სტერეოტიპებზე.
“თვალს ვადევნებ “საზმაუს” ანალიტიკოსებსა და სოროსის ფონდის დირექტორს შორის არსებულ შერკინებას, რომლის ძირითადი საგანიც “ფეიკნიუსების” თემაა, რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და კრემლის აგენტად გამოცხადებასთან ერთად. უკვე ძალიან გახშირდა ადამიანთა მორგება წინასწარ შექმნილ სტერეოტიპებზე. “ენჯეოები” და ლიბერალური მედია რატომღაც ითვლება უცოდველად და მეტიც, ისინი არიან მსაჯულები ყველა დანარჩენი პირისა თუ არხისა.
ენჯეოებიც და მედიაც ცდებიან, ვფიქრობ არა გამიზნულად, მაგრამ მათი შეცდომები ან უყურადღებოდ რჩება, ან არავინ ჰყავთ დამკვირვებელი, ან მათი კრიტიკა მიუღებელია.
ორი მაგალითი:
1. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ლევან მურუსიძე მოხსენიებულია როგორც კორუმპირებული მოსამართლე. რა არ გავიგეთ ამ კაცზე უკანასკნელ თვეებში, მაგრამ ეს გარემოება არ აღნიშნულა. ანგარიშში რემარკის წყარო, დიდი ალბათობით, გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშია სასამართლო სისტემაზე, სადაც კორუფციის რისკებზეა საუბარი, თუმცა მოყვანილი არ არის არცერთი ფაქტი, მხოლოდ მოსაზრებები, შეფასებები, საუბრები. ცხადია, ეჭვი სასამართლოს კორუმპირებულობაზე პოპულარული და დამაჯერებელია, მაგრამ მით უფრო უნდა ინახოს დამადასტურებელი არგუმენტი.
2. მეორე მაგალითია დღეს გავრცელებული ამბავი, რომ Judicial Watch-ის მიერ გამოქვეყნებული და ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული იმეილების 756-გვერდიან მასალაში ხსენებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც პროპუტინისტი მილიარდერი, რომელიც ჩართული იყო რუსეთის ჩარევით გამართულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში(sic!). ასე გვიყვება რადიო “თავისუფლებაც”, რომელმაც ამბავი პირდაპირ Judicial Watch-ის ვებგვერდიდან თარგმნა და არ ჩაეძია წყაროს უფრო ღრმად. შესაბამისად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ 2012 წელს, ჰილარისა და სტაფს შორის მიმოწერაში ბიძინას მოიხსენიებენ როგორც პროპუტინისტს. სინამდვილეში, მას მხოლოდ ახსენებენ როგორც მილიარდერ ფილანტროპისტს. პუტინები და რუსეთები მხოლოდ სტატიაში ჩნდება, რომელთა წყაროც ასევე სხვა ანგაჟირებული სტატიებია.
ასე იქმნება “ფეიკნიუსები”, მყარდება პოლიტიკურ და პარტიულ მესიჯებზე აგებული სტერეოტიპები და ამ
ბრძოლაში ყველა ხდება მხარე.
აბა სადაა შუა?” – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

კომენტარები

კომენტარი