ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები იაკობაძეებში, ღურტასა და ღორჯომელაძეებში გაიმართა.
როგორც „კვირას“ ხულოს“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბერიძე მერიის წარმომადგენლებთან და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიაციის დეპარტამენტის უფროსთან, ანზორ ბალაძესთან ერთად ესწრებოდა.
„სოფლის კრებებზე ადგილობრივებმა არსებულ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს და მათთვის პრიორიტეტული პროექტებიც განსაზღვრეს. მოსახლეობამ არჩევანი სოფელ იაკობაძეებსა და ღორჯომელაძეებში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობაზე, ხოლო ღურტაში სოფლის სახლის რეაბილიტაციაზე შეაჩერა. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები შეირჩევა უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე. პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა – სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა“,- აცხადებენ მერიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები