ფოთში, „საქაერონავიგაციის” ახალი მეტეორადიოლოკატორი ამოქმედდა

0

„დღეიდან საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო წინასწარი მეტეოგაფრთხილების სისტემა იმუშავებს. ეკონომიკის სამინისტრომ, შპს „საქაერონავიგაციასთან” ერთად, ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორის დამონტაჟებით, დაასრულა ერთიანი საავიაციო მეტეოროლოგიური სისტემის შექმნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელმაც სრულყოფილი გახადა საავიაციო მეტეოინფორმაციის მოპოვება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილმა შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილი მეტეორადიოლოკატორის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ფოთის მეტეორადიოლოკატორი დღეს ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. გახსნის ცერემონიას, ასევე, დაესწრნენ ფოთის მერი, გოჩა კურდღელია; ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და სხვა ოფიციალური პირები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო – ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში ახალი მეტეოოფისები ააშენა, სადაც ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემა განათავსა და ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატისა და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის. 2016 წლის ბოლოს კი თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე”, ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” ფოთში და ქვიშიანას მთაზე განთავსებული მეტეორადიოლოკატორები ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანისგან EEC (Enterprise Electronics Corporation) შეიძინა. ფოთში დამონტაჟებული X-დიაპაზონის მაგნეტრონის მეტეოროლოგიური სარადარო სისტემის საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
„საუკეთესო ამერიკული სისტემის დანერგვის შემდეგ, საქართველოში დღეს უკვე ფუნქციონირებს, მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა. ახალი სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მუდმივ რეჟიმში მოვახდინოთ საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და დროული სიგნალის გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის. ეს კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ეფექტიანს გახდის საჰაერო მოძრაობის მართვას საქართველოს საჰაერო სივრცეში”,- აცხადებს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.
მისი თქმით, ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებზე, იძლევა მეტეოროლოგიური ელემენტებისა და პარამეტრების უამრავი მახასიათებლის დეტალური იდენტიფიცირების საშუალებას.
„ამ სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების დონის კიდევ უფრო ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას.
წინასწარი მეტეოგაფრთხილების პროექტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებს. აქვე აუცილებელია, აღინიშნოს, რომ საქაერონავიგაციის მიერ მოპოვებული უაღრესად ღირებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელსაც იყენებს WMO (მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაცია), აგრეთვე, შეუძლიათ, გამოიყენონ სოფლის მეურნეობის, თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმაც“,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი