ნათია მეზვრიშვილი: შსს ირჩევს თანასწორობას და ებრძვის დისკრიმინაციას

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, „მე ვირჩევ თანასწორობას“ დაესწრო.
ნათია მეზვრიშვილმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
“დღეს, არის ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება კამპანიას “მე ვირჩევ თანასწორობას,” რომელიც ევროსაბჭოს ინიციატივით ტარდება.
ზოგადად, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ, ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს 2018 წელს როგორც გამოძიების ხარისხის კუთხით, ისე – დისკრიმინაციის მოტივების იდენტიფიცირების კუთხით – რაც, წლების განმავლობაში, პრობლემას წარმოადგენდა. მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისა და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს განურჩევლად იმისა, ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს იმ გადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს – მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, გამოძიების შედეგებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართ, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გავახორციელოთ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებელთა სპეციალურ ჯგუფზე, რომლებიც ამ კატეგორიის საქმეებზე იმუშავებენ. ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში ამჟამად იხილება. კანონპროექტი მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მონიტორინგსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბაზების შექმნას. ასევე, ზოგადად, ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას“, –  აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიც არის ინტერნეტსივრცე.
„ამ დანაშაულმა უკვე ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. ბუნებრივია, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიება და ვისაუბრეთ ადრეული ქორწინების შემთხვევებზე, რომელიც სამართალდამცველი ორგანოებისთვის, ასევე, ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, როგორც წესი, ხდება დახურულ წრეში და გვაქვს თანამშრომლობის პრობლემები ოჯახის წევრების მხრიდან. ჩვენ ვართ “ლანსაროტის” საერთაშორისო კონვენციის წევრები და, ამ კონვენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გვაკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულოთ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მხრივ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი