მამუკა ბახტაძე: ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებასა და ღირსებას
“ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებასა და ღირსებას. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან; ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით, 23 000-ზე მეტი ვეტერანი მოკლებული იყო ყოველთვიურ დახმარებას.
„ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც შეიძლება, მალე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვეტერანების წინაშე გვაქვს ძალიან დიდი მორალური ვალდებულება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის დავალებით, მომზადდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დამატებით 23000-ზე მეტი ვეტერანი, მაისიდან, 22-ლარიან დახმარებას მიიღებს.