ბათუმში, ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრის ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს
“ფეისბუქის” ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა სურათი, სადაც ჩანს, რომ, ბათუმში, პოლიეთილენის პარკში გახვეული დახოცილი ძაღლები ორმოში ყრია. “ფეისბუქგვერდის” ადმინისტრატორის ინფორმაციით, ძაღლები ამ ადგილზე ღამით, მიკროავტობუსით მიჰყავთ. “ეს რა საშინელებაა!; ვინმე გვეტყვის, აქ რა ხდება?!; გონიოში, ნაგავსაყრელთან პოლიეთილენის პარკებში გახვეულ დახოცილ ძაღლებს ორმოში ყრიან!; როგორც გავიგეთ, ძაღლები მიკროავტობუსით მიჰყავთ… რა ხდება?!” – წერს გვერდის ადმინისტრატორი.
უპატრონო ძაღლების პატრონობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, „სევერის“ ხელმძღვანელმა, ჯემალ გოგიტიძემ, დაადასტურა, რომ ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ბუნკერებში მართლაც იმარხებიან ცხოველები; თუმცა, არა დახოცილები, არამედ – დაღუპულები. მისივე განმარტებით, ცხოველების მოკვლა კანონის დაცვით ხდება მაშინ, როცა ძაღლი დაავადებულია და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველებს. “აქ კანონით ხდება ძაღლების დამარხვა. ბუნკერი ბოქლომით არის დაკეტილი. ამას სამართალდამცველები გაარკვევენ“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.