კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა, პროექტ „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს ვენახის მოვლა-მოყვანისა და გასხვლის, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, მეცხოველეობისა და რძის პირველადი გადამუშავების კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.
სპეციალისტებმა ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო პროგრამები გააცნეს და საჭირო ლიტერატურა გადასცეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ კახეთის რეგიონში გრძელდება. 19-დან 22 მარტის ჩათვლით, შეხვედრები დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.
აღსანიშნია, რომ, პროექტის ფარგლებში, 2018 წელს, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გაიმართა და კონსულტაცია 7500-მდე ფერმერს გაეწია. 2019 წელს, სპეციალისტებმა შეხვედრები უკვე გამართეს სამეგრელოს, გურიისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, სადაც 2000-მდე ფერმერს შეხვდნენ.