სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ამპლუაში ბოლნისს პირველად სტუმრობდა
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვიზიტი, 19 მარტს, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, ეფრემმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლეს. ქვემო ქართლში მეგზურობა სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გაუწია.
ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ბოლნისის ახალი მუზეუმი დაათვალიერა, რომელიც დასრულების პროცესშია და წლის ბოლომდე გაიხსნება. მუზეუმი მუნიციპალიტეტში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას შეასრულებს.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ სტუმრობის მიზანი რეგიონში არსებული მდგომარეობის გაცნობა და მისი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობაა.
საქართველოს პრეზიდენტმა, ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველში, ეკომიგრანტი ქალების მიერ დაფუძნებული ყველის საწარმო მოინახულა და ადგილობრივი პროდუქცია დააგემოვნა.