ბორჯომი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
ბორჯომში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ევროპის კულტურული მარშრუტების თანამედროვე გამოწვევებისა და პერსპექტივების თემას ეხება.
ბორჯომის ღირებულებების მაგალითზე ფორუმი, სამომავლოდ, ინდუსტრიულ-თერმული ქალაქების ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში ნომინაციის მომზადებას ითვალისწინებს და პროცესში ჩართული ინსტიტუციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის უნარების გაძლიერებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ევროპის კულტურული მარშრუტების პროგრამებისთვის განაცხადების მომზადებასთან დაკავშირებულ პრაქტიკული რჩევებთან ერთად, კონფერენციის მოხსენებები სხვა მრავალ მიმართულებას გააერთიანებს. თემატური განხილვები შეეხება ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იდეა-კონცეფციასა და მისი განვითარების შესაძლებლობებს. ქართველი და პოლონელი სპეციალისტების მოხსენებები, ასევე, მოიცავს საკითხებს, რომლებიც სამრეწველო ტერიტორიების განახლების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის მართვასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ტურიზმის გამოცდილებას უკავშირდება.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოში პოლონეთის კულტურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და UშAID-ის პროექტი Zrda-ს ხელშეწყობით ტარდება.
კონფერენცია 2-დღიანია და 19 მარტს დასრულდება.