ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების გამო, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავ სიაში 114 ფიზიკური პირი და 15 რუსული კომპანია მოხვდნენ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კანადის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაში მოხვდნენ „ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ასევე, რუსეთის სარკინიგზო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუნინი. კომპანიებს შორის კი სანქციები „სუხოის“, „ტუპოლევს“ და „მიგს“ დაუწესდათ.
დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოეს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.