ქეთევან ციხელაშვილი როს უილსონს შეხვდა – მთავარი თემა ირაკლი კვარაცხელიას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება იყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა გალში ირაკლი კვარაცხელიას ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება იყო.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ მძიმე, ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას უკავშირდება – ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობას, თუმცა ახლა ექსპერტიზა ტარდება და ალბათ მეტი ინფორმაცია გვექნება.
ასევე, ვისაუბრეთ მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და გააქტიურებაზე სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში. ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებსაც დღესაც უჭერენ მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და რასაც მომავალში განახორციელებენ.
ელჩისგან კიდევ ერთხელ მოვისმინე ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი პოზიციაა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მათი მხარდაჭერა. ასევე, სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ამ პროცესის უალტერნატივობა. ცხადია, ის, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება, სრულიად მიუღებელია. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
თავის მხრივ, შეხვედრა დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და განაცხადა, რომ მან ინფორმაცია დღის წესრიგში მდგარ ყველა საკითხზე მიიღო.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა ინიციატივაზე, რომელიც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ნაწილია და რომელიც ვაჭრობას, ჯანდაცვას, განათლებას, სხვა სფეროებს ეხება. ეს არის ყველა ის სფერო, რომელშიც აშშ ძლიერ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოსთვის და აქ ჩვენი პარტნიორებისათვის.
განსაკუთრებით ძლიერ მხარდაჭერას გამოვხატავთ იმაზე, რასაც სახელმწიფო მინისტრი შერიგების მიმართულებით და მთელ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აკეთებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, – აღნიშნა როს უილსონმა.
ელჩმა ირაკლი კვარაცხელიას დაკავებისა და ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს საშინელი უწოდა და განაცხადა, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
„ამ ფაქტს ადამიანის უფლებათა შემდგომ ანგარიშში აუცილებლად ავსახავთ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამინისტროს მუშაობა“, – დასძინა როს უილსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები