„ჩვენი ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილეს.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.
„ტრადიციულად ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და დღესაც ვავითარებთ მას. ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც, ასამბლეის ვიცე-სპიკერი ქალბატონი აზარიანი იქნება. ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გავძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება. მთანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან”, – აღნიშნა მირზოიანმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა.
„თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.
ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტის ძალიან დიდი დარღვევაა.
,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში. მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ. თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.
ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით”, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები