გივი მიქანაძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის აპარატის უფროსს, მარუფ ჩაჰინოს შეხვდა, რომელიც თბილისში ინდონეზიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
გივი მიქანაძემ ინდონეზიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ, ასევე მიმდინარე რეფორმებისა და აქტივობების თაობაზე, რომელიც ემსახურება პარლამენტის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესებას.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ისაუბრა სასწავლო ცენტრის საქმიანობაზე და იმ ძირითად სიახლეებზე, რაც საქართველოს პარლამენტში ბოლო პერიოდში დაინერგა, მათ შორის, ელექტრონული სწავლების სისტემის განვითარებასთან მიმართებით.
გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის რეფორმაზე, რომელიც ემსახურება საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი საქმიანობის დახვეწას.
სტუმარმა, თავის მხრივ, ისაუბრა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის აპარატის უფროსის ძირითად ფუნქციებზე, ანგარიშვალდებულებაზე, საქმიანობაზე და ინდონეზიის პარლამენტში ამ ეტაპზე მიმდინარე ძირითად აქტივობებზე, მათ შორის – ინსტიტუციურ რეფორმაზე, რომელიც ძირითადად მიმართულია ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით.
მარუფ ჩაჰინო დაინტერესდა პარლამენტის ღიაობისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხებით. გივი მიქანაძემ კოლეგას დეტალურად გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ უფრო გააქტიურდეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივი ვიზიტების ფორმატში, ასევე ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები