მამუკა ბახტაძე: ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას “საქართველო ღვინის სამშობლო”
13-15 მარტს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიაში მიემგზავრება.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის შეხვედრები.
„გვექნება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას “საქართველო ღვინის სამშობლო“. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა, წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა. ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს პოტენციალის დემონსტრაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, შესაბამისად, იაპონია არის სწორედ ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.