თავდაცვის სამინისტრო: სერჟანტი წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის შესახებ, რომელიც სხვა წვევამდელებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, წვევამდელზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელ ქ.კ.-ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე, სამხედრო პოლიციაში სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს და 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

386-ე მუხლი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 181-ე მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები