ბაირახტარი საბანკო რეგულაციებზე: ზოგიერთი სრულ კოლაფსს პროგნოზირებდა, თუმცა დაკრედიტება გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, დაკრედიტება გაზრდილია, – ამის შესახებ ეკონომისტმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა მაღაზია „კარგ და ჯანსაღ“ პროდუქტზე – შიდა განვადებებზე გადავიდა.
„სხვადასხვა სააგენტოს მხრიდან გაჟღერებულია ინფორმაცია, თითქოს, პრობლემები აქვთ სხვადასხვა მაღაზიას და ა.შ.
გარკვეულ პრობლემებს, შესაძლებელია, გარკვეულ პერიოდში ისინი გადააწყდნენ, მაგრამ თუ ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკას ჩავხედავთ, დაკრედიტება გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამომხმარებლო სესხებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, გაზრდილია მოცულობით დაკრედიტება. ანუ 2019 წელს, რეგულაციების შემდეგ უფრო მეტი გაიცა, ვიდრე წინა წელს. თუ ჩავშლით ამ მონაცემებს ძალიან პოზიტიური მონაცამები ფიქსირდება სესხების კატეგორიების მიხედვით. ერთის მხრივ, გაზრდილია თითქმის ყველა სესხის მოცულობა, მეორეს მხრივ, წილობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, ბიზნესესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მე ამ რეგულაციებს დაანონსებიდან მხარს ვუჭერდი და ვამბობდი, რომ ეს არის ის, რაც გასაკეთებელია ადრე თუ გვიან. ჩემი არაერთი კოლეგა სრულ კოლაფსს პროგნოზირებდა, რომ ქვეყანა რეცესიას დაადგებოდა. ახლა ეროვნული ბანკის მონაცემები შეგვიძლია, მოვიშველიოთ. სხვადასხვა მონაცემი ვნახოთ, რომ ეს ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ მიმართულებით დაკრედიტება გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა.
როცა კომპანიები ამბობენ, რომ გაყიდვები შეუმცირდათ, ეს მათი შიდა სტატისტიკაა, ამაში ვერ ჩავერევი, არც იმის საფუძველი მაქვს, რომ მათ ტყუილი დავაბრალო, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკით, დაკრედიტება არის გაზრდილი. ეს ორგანიზაციები, ტექნიკის მაღაზიები და ა.შ. გადავიდნენ ძალიან კარგ და ჯანსაღ პროდუქტზე – შიდა განვადებებზე, ანუ ბანკებთან აღარ თანამშრომლობენ“,- განაცხადა ბაირახტარმა.
ცნობისთვის, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბანკო სესხების გაცემის გამკაცრებამ პრობლემები შეუქმნა მომხმარებლებს და ბიზნესს. მაგალითად, მენაშენეთა ასოციაციის ინფორმაციით, საბანკო რეგულაციების გავლენით, ბინების გაყიდვები, ბოლო ორ თვეში 40-50%-ით შემცირდა.
საბანკო რეგულაციებმა, რომლებიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ბიზნესმენები „კომერსანტთან“ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ განვადებების პროცედურის გართულების გამო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები ქვეყანაში 40-50 %-ით შემცირდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები