12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება

12 მარტს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე გაიმართება.
როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი – მათ შორის, ეროვნულ არქივში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და რუსთაველის თეატრში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.
საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.
თარიღთან დაკავშირებით, დამზადდა საიუბილეო მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმსა და ლევილის მამულს გადაეცემა.
საზეიმო დღეს უმაღლესი სასწავლებლები საჯარო ლექციებსა და თემატურ გამოფენებს უმასპინძლებს, ხოლო საქართველოს საჯარო სკოლებში ერთი აკადემიური საათი ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულის აღნიშნულ მონაკვეთს დაეთმობა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსი ჩატარდა. 12 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს და სასაჩუქრე მედალიონებით და სიგელებით დააჯილდოვებს.
ირაკლი კობახიძე მოწვეულ სტუმრებს რუსთაველის თეატრში უმასპინძლებს, სადაც თემატური გამოფენა და სპექტაკლი გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თემატური გამოფენები და საჯარო ლექციები დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია დაგეგმილი.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით, ეროვნულ მუზეუმში საჯარო ლექციაც გაიმართება.
მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე „პირველი პარლამენტარი ქალები”, სადაც მონაწილეობას ყოფილი და მოქმედი დეპუტატი ქალები მიიღებენ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ”, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები