თხილის დაცვის პროგრამა გრძელდება
თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გრძელდება.
სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად ნაჯახაოს და ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას „თხილის დაცვის პროგრამა“ გააცნო.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეული შესაწამლი აპარატი, რომელიც ფერმერებს გადაეცემათ. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები შეღავათიანი პირობებით შეიძინონ.
კამპანიის მიზანია თხილის მოსავლის გადარჩენა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია საინფორმაციო შეხვედრებს 200–მდე სოფელში გამართავს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.