ქვემო ქართლის რეგიონში შვეიცარიის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტი ჰქონდა

ქვემო ქართლის რეგიონში შვეიცარიის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში – პატრიკ ფრანზენს პირველი სამუშაო ვიზიტი ჰქონდა, რომელმაც ელჩ რუთ ჰაბერთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახლადაშენებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი მოინახულა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლობით დელეგაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.

როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით, სულ 6 ვეტზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, აქედან სამი ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, ბოლნისის ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებას მაისის დასაწყისში დაიწყებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო სტუმრებს სიტყვით მიმართა და განხორციელებული პროექტის გამო, მადლობა გადაუხადა.

“მოგესალმებით პატივცემულო ელჩო, დელეგაციის წევრებო. მინდა, პირველ რიგში, მადლობა მოგახსენოთ დღევანდელი ვიზიტის გამო. ჩვენ გვესმის, რამხელა მნიშვნელობისაა, როდესაც საქართველოში არსებული 6 ვეტზედამხედველობის პუნქტიდან ერთი სწორედ ბოლნისში მდებარეობს. პროექტი, თავისი მნიშვნელობით, უნიკალურია, ვინაიდან ადგილზე გვაქვს თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, სადაც ცხვრისა და პირუტყვის დამუშავება ხდება პარაზიტებზე. ეს პროექტი კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით, მათთან თანამშრომლობით და თანადაფინანსების პრინციპით განხორციელდა და მინდა, მადლობა მოგახსენოთ ამ შესაძლებლობისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად, ფერმერები უფასოდ შეძლებენ ცხვრის გაბანებასა და პირუტყვის დამუშავებას, პრევენციული ღონისძიებები კი ცხვრის ხორცის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები