ნოემბრიდან საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება

საგარეჯოს მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 2019 წლის დაგეგმილ პროექტებში უკვე განსაზღვრულია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.
როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მეორე ფაზა არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას, 2000 კუბური მეტრი მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საგარეჯოში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და მოსახლოებას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 127კმ მონაკვეთზე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაასრულა. მეორე ეტაპის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
დღევანდელი მდგომარეობით, საგარეჯოს მოსახლეობის 40 %-ს წყალი 24 – საათიანი, უმეტეს ნაწილს კი დღეგამოშვებით, რამდენიმესაათიანი გრაფიკით მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები