ვანო ზარდიაშვილი: ეკა ბესელიას ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს

ეკა ბესელიას ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ზარდიაშვილის შეფასებით, ეკა ბესელიას არც კეთილსინდისიერება აქვს და არც კომპეტენცია.
„ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რითაც მოსამართლე და მთლიანად სასამართლო სისტემა უნდა შეფასდეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია. შესაბამისად, ვურჩევდი სპეკულაციებს თავი დაანებოს. სამართლებრივ რეჟიმზე გადავიდეს, იმ კანონპროექტს მოუსმინოს, რომელიც დავარეგისტრირეთ და სამართლებრივად მსგავს აქცენტებზე იმსჯელოს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება გამორიცხულია.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება გამორიცხული მგონია, რადგან ეს კონსტიტუციაშია ასახული, ეს საერთაშორისო პრაქტიკა და ხელისუფლების დაბალანსების პრინციპია. აქედან გამომდინარე, სპეკულაციები, რომ ამ პროცესებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გათიშული უნდა იყოს არასერიოზული მგონია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე განცხადებით, იმ ხალხმა უნდა აკრიტიკოს სასამართლო სისტემა, ვისაც როგორც მინიმუმ, ამის გამოცდილება, განათლება და კომპეტენცია ჰყოფნის.
„არ გამიგია, რომ ეკა გიგაურს, მენაბდეს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საერთოდ მოსამართლეობის გამოცდაც კი ჩაბარებული ჰქონდეთ. ისინი ვერც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებსა თუ იმ მოთხოვნებს, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები შეაფასონ. მათ ამის გამოცდილება არ აქვთ, მათშორის ნაზი ჯანეზაშვილსაც. ვისურვებდი, იმ ხალხმა აკრიტიკოს სასამართლო სისტემა, ვისაც როგორც მინიმუმ ამის გამოცდილება, განათლება და კომპეტენცია ჰყოფნის“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები