ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში არცერთ ხელისუფლებას, რომელიც დაკარგავდა ტერიტორიებს, არ ექნებოდა პოლიტიკაში ყოფნის უფლება

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში არცერთ ხელისუფლებას, რომელიც დაკარგავდა ტერიტორიებს, არ ექნებოდა პოლიტიკაში ყოფნის უფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.

„ყველამ ერთად ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ გახლდით მინისტრი. მთელი ეს გამოწვევები, მთელი ეს მოლოდინები იყო ძალიან გონივრულად სამართავი და სახელმწიფოებრივად სამართავი. ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი გზავნილი იყო, რომ სურდა, ხალხი გაეერთიანებინა, ყველას პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ის არ დაყოფდა საზოგადოებას არც „ნაციონალებად“, არც „ოცნების“ მიმდევრებად და ა.შ. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური ​​სურვილი, მოწოდება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო.

მაგალითად, მე არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც არის სააკაშვილი ან სხვა ასე ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ ამ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ისინი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს, იგივე ომი, რომელზეც უბრალოდ, აღარ ვსაუბრობთ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არც ერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნებოდათ, არამედ, არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევაში ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები