მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს

„თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, გამოკითხვა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მამუკა ხაზარაძემ მოსამართლისა და პროკურორების წინაშე, იმ ბრალდებაზე უნდა ისაუბროს, რომელიც გუშინ პარლამენტში გაახმაურა. ამასთან, სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში უნდა წარადგინოს მტკიცებულების სახით წერილი, რომელიც მან შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო ისაუბრეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
“არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები