თამარ ჩუგოშვილი: საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა

„საზოგადოებას აქვს უფლება, ნახოს წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან სერიოზული ბრალდებები გაკეთდა.
„ჩემთვის ცოტა დამაბნეველი ინფორმაციაა, რადგან სხვადასხვა წყაროებიდან სხვადახვა ტიპის კომენტარებსა და ინფორმაციას ვისმენ ამ საკითხზე. ამიტომ, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა წერილზეა საუბარი. ძალიან სერიოზული ბრალდებაა ნამდვილად. ვნახე ამონარიდი, მათ შორის, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული და იქ ცოტა სხვა რამე ეწერა. ამიტომ, ჩემთვის ამ წერილზე მეტი სიცხადეა საჭირო. ბრალდების ავტორებს მოვუწოდებდი, ეს წერილი უნდა ვნახოთ. სხვანაირად, ზეპირად ხმამაღლა ამის თქმამ გუშინ სულ გადაფარა ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა. რეალურად, შედეგად ის მივიღეთ, რომ საგანზე საუბრის ნაცვლად მთლიანი დისკუსია წავიდა ამ წერილის გარშემო“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, რეალურად, არ არის ცნობილი, ეს რა წერილია, როდის დაიწერა, საერთოდ არსებობს, არ არსებობს, ვინ დაწერა, როდის და ა.შ.
„უამრავი კითხვა გაჩნდა. საგამოძიებო სამსახურებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ცოტა სხვა განცხადებები მოვისმინე. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ბრალდების ავტორმა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ვიდრე გამოძიებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მიმდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რეალურად, რაზე არის საუბარი, რის გამოძიებას ვითხოვთ. პროცესი უნდა დაიწყოს იმით, რომ ეს წერილი ვნახოთ, საზოგადოებას აქვს ამის უფლება. ასეთი სერიოზული ბრალდებები ოდესაც კეთდება. ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლება აქვს ბრალდებულს, რომ ვისაც ბრალი დაედო ამ შემთხვევაში და ჩვენც, ყველას დანარჩენს, რომ ვნახოთ რომ რაზე არის საუბარი“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები