გელა სამხარაული საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა პოლონეთში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლაში მან, მთავარი აქცენტები ორი ქვეყნის, საქართველოსა და პოლონეთის, თვითმმათველობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა და მმართველობის სისტემის რეფორმირება ის სფეროა, რომელშიც ქართული და პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ამ თემებზე მსჯელობა ამ თანამშრომლობას უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს და შედეგიანს გახდის.
„დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საზომი თვითმმართველობით პრინციპებზე აგებული პოლიტიკური სისტემის არსებობაა. სისტემის, რომელიც ქმნის პირობებს, საერთო ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა იყოს დელეგირებული ადგილობრივ დონეზე და რაც მთავარია, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ადგილობრივი ორგანოები იყვნენ საკმარისად აღჭურვილნი ფინანსური სახსრებით“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
დეპუტატმა თვითმმათველობის განვითარების ეტაპები და სისტემური გამოწვევები მიმოიხილა.
როგორც მან განაცხადა, „დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობი, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელისუფლების მაქსიმალურ სიახლოვეს მოსახლეობასთან, ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიზნით“.
ქართველი პარლამენტარის განცხადებით, რეგიონული განვითარება, მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი გახდა.
„თვითმმართველობის რეფორმირების საკითხი, ამა თუ იმ დოზით, ყოველთვის იდგა პოლიტიკური დღის წესრიგში. თუმცა, რეალურად, ჩვენს სახელისუფლებო ძალას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ხელისუფლების ცენტრიდან კონტროლის მექანიზმების ხელიდან გაშვებაზე და ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებით, თვითმმართველი ერთეულის მნიშვნელობის გაზრდითა და საჯარო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფით”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
მან ასევე  ისაუბრა დეცენტრალიზაციის ხელშესაწყობად განხორციელებულ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და კონსტიტუციურ გარანტიებზე, მიმოიხილა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიული მიმართულებები.
პარლამენტის წევრის განცხადებით, თვითმმართველობის განხორციელების მთავარი პირობა გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობაა. „აუცილებელია ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტილების მიღება, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და მათ საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჩართულობის დამატებითი მექანიზმების შექმნაც და მასში ახალგაზრდების და ქალების წახალისება. საჭიროა მოსახლეობის აღჭურვა ამ მექანიზმების გამოყენებისთვის საჭირო უნარებით“- განაცხადა გელა სამხარაულმა.
დასასრულ, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ  საქართველოს აქვს სურვილი პოლონეთთან თანამშრომლობით, მისი გამოცდილების გაზიარებით, წარმატებით განახორციელოს დაწყებული რეფორმა და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარება მიანდოს ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომ ხელისუფლებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები