2 მარტიდან ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები არლის ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება
2 მარტიდან ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები საფრანგეთის ქალაქ არლის ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება სახელწოდებით – „Niko Pirosmani – A Wanderer Between Worlds | Vincent van Gogh: Speed & Aplomb”.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს დამთვალიერებელი ერთ სივრცეში იხილავს.
დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ ნამუშევრებს. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა – „ფიროსმანის პორტრეტი“.
გამოფენის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებს დაეთმობა. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით „Table Of Pirosmani“, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „Infinitart Foundation Vienna”-ის, Fondation Vincent van Gogh Arles-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება.
გამოფენა 1 ივნისამდე გასტანს.