ანა შალიკაშვილი -100: პერსონალური გამოფენა გაიხსნება
5 მარტს, 19:00 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული, ასევე ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები.
ანა შალიკაშვილი (1919-2004) ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი, ანიმაციური ფილმების მხატვარი და ილუსტრატორი იყო. არტისტის სახვითი ენა გამოირჩევა გროტესკული ექსპრესიით. მის ხელწერაზე გავლენა იქონია დავით კაკაბაძესთან და ვალერიან სიდამონ-ერისთავთან სწავლის პერიოდმა. გროტესკი, ექსპრესიულობა, ფორმის ინდივიდუალური გაგება, ფერით ემოციური ტონალობის შემოტანა გამომდინარეობს მოდერნისტ მხატვრებთან მიღებული განათლებით. შალიკაშვილის ნამუშევრებში არის ასევე გარკვეული აკადემიურობა, გრაფიკული ოსტატობა და თეატრალური მხატვრობის ტრადიციები.
ანა შალიკაშვილი 1950-იან წლებში აქტიურად მოგზაურობს ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, რომელიც ელენე ახვლედიანმა დააარსა. მის ხელოვნებაში ეთნოგრფიული მუხტი სწორედ ამ ექსპედიციების დროს მიღებული გამოცდილებიდან იგრძნობა. მის ნამუშევრებში ასევე იკითხება ანიმაციური და ილუსტრაციული ესთეტიკა, ლაკონურობა, ფრაგმენტირებული თხრობა. მხატვარი ლაღი მანერით შლის სოც. რეალიზმის პერიოდის მხატვრობისთვის დამახასიათებელ მუშათა თემას და უპირისპირებს ცალკეული ქართული ეთნოტიპების პორტრეტებს, რომლებიც სტილურად მაქს ბეკმანისეულ „სახის გამომეტყველებას“ ეხმიანება.
ანა შალიკაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია კინოსტუდია „ქართულ ფილმში’’ მუშაობის პერიოდი – მან, როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა. „ქილა ერბო“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვა ცნობილი ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვარი სწორედ ანა შალიკაშვილი იყო. მიხეილ ჭიაურელთან ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდში, მხატვარს ზოგადად ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1948-72 წლებში მუშაობს ნახატ ფილმებზე: ,,გაზაფხულის სტუმრები“, ,,ხელმარჯვე ოსტატი“, ,,ჩხიკვთა ქორწილი“, ,,წუნა და წრუწუნა“, „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ქილა ერბო“ და ასე შემდეგ.
ანა შალიკაშვილის შემოქმედებით მრავალმხრივობას ავსებს საბავშვო წიგნების ილუსტრაციები და ჟურნალ „პიონერისთვის“ დახატული შავ-თეთრი ნახატების სერია.
გამოფენა 15 მარტამდე გაგრძელდება.
მის: რუსთაველის გამზირი #7.