მწვანე სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული ოკუპაცია (ფოტო, ვიდეო)
1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ ერთხანს მტერი უკუაგდეს კიდეც, მაგრამ განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა.
70-წლიანი იზოლაციის შემდეგ კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და თავისუფლება მოიპოვა. თუმცა, როგორც ნათქვამია – “მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის”. რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა დღემდე გრძელდება. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშობლიურ სოფლებში ჩავიდნენ.
25 თებერვალს ქალაქ თბილისის მწვანე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის, “სანგვინიკების” წევრმა მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და დირექტორთან ერთად სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მისვლა და იქ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტეს. სწორედ ამ სოფელში რუსი ოკუპანტები ძელებს დგამენ და ახალ ახალ საოკუპაციო ზოლს ავლებენ. გამყოფი ხაზის მიღმა ექცევა ატოცელების სახნავ-სათესი მიწები, სოფლის საძოვრის ნაწილი და ტყის მასივი. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ სოფელში პირველი მავთულხლართები 2014 წლის თებერვალში გაავლეს, მაშინდელი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიგრძე 2 კილომეტრი იყო, თუმცა ახლა ორ კილომეტრიანი ზოლი სოფელ ბალთამდე გრძელდება.
მოსწავლეების მიზანი საოკუპაციო ზოლის ნახვა და იმის გაცნობიერება იყო, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის დახმარებით და ხელშეწყობით მცოცავი ოკუპაციის შეჩერებაა შესაძლებელი. ამ სოფელის მცხოვრებნი სამართალდამცველებთან ერთად ყოველდღიურად პატრულირებენ საოკუპაციო ხაზთან და მცოცავი ოკუპაციის პროცესს ხელს შეძლებისდაგვარად უშლიან.
“მიუხედავად იმისა, რომ იუნკერების დიდი ნაწილი 1921 წელს დაეცა, მათი შთამომავლები მათ საქმიანობას აგრძელებენ”, – აცხადებს ატოცის ერთ-ერთი მკვიდრი მოსახლე.