გედევან ფოფხაძემ “ოცნება” დატოვა – ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა (ვიდეო)

გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა, – ამის შესახებ დეპუტატმა საგანგებოდ დანიშნულ პრესკონფერენციაზე, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
გედევან ფოფხაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
„მე მორალური უპირატესობა დავკარგე, ის რაც მქონდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ახლა მიდის „ქართული ოცნების“ ნაციონალიზაციის პროცესი. დღეს ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გვითხრა ამომრჩეველმა და რომ „არ ვუნდივართ“, ჩვენ დავპირდით მეორე ტურში რომ ამას გამოვასწორებდით, მაგრამ ვერ მეორე ტურიდან ვერ შევძელით, ეს არ მოყვა მეორე ტურს. კიდევ უფრო დიდი ბზარი გაჩნდა და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძის თქმით, მისი უმრავლესობაში დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა.
“ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ დამიფიქსირებია და მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უფრო უნდა დასმულიყო კითხვა – რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში“?, ვიდრე რატომ წამოხვედი „ქართული ოცნებიდან“? იმიტომ, რომ ორი საკითხის თანხვედრაა, რომლის პირობებშიც იყო იქ, სადაც ხარ, შეუძლებელია. ერთი, თუ შენ არსებითად, იდეოლოგიურ, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე, როდესაც შენ შეიძლება, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკაოს. მე კიდევ შეიძლებოდა, პირველი დამეძლია იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მაინც მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ვყოფილიყავი გულწრფელი და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვის წინაშეც რეალურად მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას,რომ იყო იქ, სადაც უბრალოდ გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა იალაპარაკებ იმაზე, რასაც ფიქრობ, მაშინ უნდა წახვიდე”,- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები