ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები შეისწავლიან

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები განახორციელებენ.
ისრაელის ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია.
ისრაელის სიძველეთა დაცვის ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორთან, პროფ. ჯონ სელინგმანთან სამუშაო შეხვედრები სააგენტოსა და კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური მულტიდისციპლინარული კვლევის ცენტრის წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ერთობლივი ჯგუფის ფორმატში განახორციელა.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ისრაელის სიძველეთა დაცვის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გეგმები, რომელთაგან უმნიშვნელოვანეს მიმათულებას მოიცავს ქართულ-პოლონურ-ებრაული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციები საქართველოსა და ისრაელში.
სამუშაო ვიზიტის დროს, ქართულ-პოლონურ დელეგაციას, ებრაელ კოლეგებთან ერთად უმასპინძლა ფრანცისკანულმა მონასტერმა, სადაც წარმომადგენლობითმა ჯგუფებმა განიხილეს ბირ-ელ-ყუტში განსახორციელებელი კვლევების შესაძლებლობები და სანებართვო პროცედურები.
თავად ფრანცისკანული მონასტერი, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს ბირ-ელ-ყუტის მონასტერი, შეთავაზებულ წინადადებას მიესალმება და ისტორიული ადგილის შესწავლის ინტერესს გამოხატავს.
მხარეები უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. პარტნიორობის პროგამის ფარგლებში მხარეები ბირ-ელ-ყუტში ერთობლივად განსახორციელებელი სამეცნირო კვლევების გეგმა-გრაფიკსაც შეიმუშავებენ. საორგანიზაციო საკითხების შეთანხმების შედეგად, ეროვნული სააგენტო პოლონელ და ებრაელ პარტნიორებთან ერთად ბირ-ელ-ყუტის ფართომასშტაბიან კვლევით პროექტს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ბირ-ელ-ყუტის მონასტრის პირველადი სამეცნიერო-არქეოლოგიური შესწავლა ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იან წლებში იტალიელი მეცნიერების მიერ განხორციელდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.
ისრაელში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური მულტიდისციპლინარული კვლევის ცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი 19-22 თებერვლის განმავლობაში შედგა. 4-დღიანი ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოს უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს გენერალრი დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე, სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი თამარ წერეთელი და „ქართულ-პოლონური მულტიდისციპლინური ცენტრის“ ხელმძღვანელი რადოსლავ კარასევიჩი.
იერუსალიმში V საუკუნის ქართული მონასტერი ბირ-ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ-ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები