სოფიო ქაცარავა: ლუგარის ცენტრი რუსეთის მხრიდან მორიგი, მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა
„რიჩარდ ლუგარის ცენტრი რუსეთის ფედერაციის მხრიდან მორიგი, მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა, რომელმაც ცენტრი დაუსაბუთებლად დაადანაშაულა, თითქოსდა ის აშშ-ის ხელშეწყობით საშიშ ექსპერიმენტებს ატარებს და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს“, – აღნიშნული განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ქაცარავას თქმით, რეალურად ლუგარის ცენტრი უნიკალური ლაბორატორიაა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებასა და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას უწყობს ხელს.
„ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 14-15 ნოემბერს, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ” კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტთა წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რომელში მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.