პირს, რომელმაც გალში ცოლ-ქმარი მოკლა, 18 წელი მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გალში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს,
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.შ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე – ს.შ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
დ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დ.შ.-ს დაკავება სომხეთის რესპუბლიკაში მოხდა. მისი საქართველოში ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები